top of page
Bottles of Wine

ხატია დუნდუა - რთველი ბორდოში

ree

ხატია დუნდუა - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული


T: როგორ და რატომ მოხვდი იქ სადაც ვარ:


მეღვინეობაში, თეორიული ცოდნის პარალელურად, პრაქტიკული გამოცდილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რთველში მონაწილეობა საქართველოში მივიღე და იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ დიდი სურვილი აღმიძრა მომავალში არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცდილებაც დამეგროვებინა და შემესწავლა ევროპული სტილი და მეთოდები. მივიღე მონაწილეობა აგრარულ უნივერსიტეტსა და L'Institut Agro Montpellier-ს შორის Erasmus სტაჟირების პროგრამაში და მეორე რთველი ჩავატარე საფრანგეთში, ბორდოს ორ პრესტიჟულ რეგიონში - Pomerol-სა და Saint-Émilion-ში. ვმუშაობდი უმაღლესი ხარისხის წითელ ღვინოებსა და როზეზე. ჩემი პროფესიული უნარების განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ რთველმა. უცხოური პრაქტიკის მიღების დიდი სურვილი ისევ მქონდა  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც, მაგრამ ბევრ დაბრკოლებას წავაწყდი. ბოლოს კი, აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის დეკანი ანა გოდაბრელიძისა და ღვინის კომპანია „რთველისის“ დირექტორის - თორნიკე ჭიკაძეს მხარდაჭერით, ბორდოს რეგიონის ერთ-ერთ ცნობილ და წარმატებულ მეღვინეობაში ავღმოჩნდი.


T: რატომ ავირჩიე ეს პროფესია:


 აბიტურიენტობამდე მეღვინეობა, როგორც პროფესია, არ განმიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის საინტერესო საქმიანობად მიმაჩნდა. თუმცა, ბევრი ვარიანტის განხილვის შემდეგ ჩემი პირველი არჩევანი სწორედ მეღვინეობა გახდა. ამ სფეროში ჩემი თავი კომფორტულად წარმოვიდგინე – ეს არის საქმე, რომელიც არ შემოიფარგლება საზღვრებით, გაძლევს შესაძლებლობას იმუშაო მრავალფეროვან და საინტერესო ადამიანებთან, სხვადასხვა ქვეყნებში. თითოეული რთველი უნიკალურია და სულ ახალი გამოცდილების, ცოდნის ძიებაში ხარ.


T: ჩემი მიზანია:


ჯერჯერობით, ჩემი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მრავალფეროვანი გამოცდილება დავაგროვო და მეღვინეობის წამყვანი ქვეყნების კულტურა ახლოდან შევისწავლო. ჩემთვის ყოველი რთველი ახალი თავგადასავალია – ცოდნის, უნარებისა და აღმოჩენების წყარო. საბოლოოდ კი, საზღვარგარეთ მიღებული ცუდნა, მინდა საქართველოში დავაბრუნო: თანამედროვე მიდგომები შევუთავსო ჩვენს უძველეს ტრადიციებს და ისე შევიტანო ჩემი წვლილი, რომ ქართულმა ღვინომ და ისტორიამ კიდევ უფრო თვალსაჩინოდ დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო რუკაზე.

 

T: რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ:


საქართველოს აქვს ღვინის უნიკალური, 8000 წლოვანი წარსული და ამავე დროს დიდი პოტენციალი მომავალში. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ღვინის სამშობლო, გვაქვს კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში და  უძველესი ტრადიციები, რომელთა შენარჩუნება და ინოვაციებთან შერწყმა მთავარი მოტივაციაა. მეღვინეობა ყოველთვის იყო ჩვენი იდენტობის ნაწილი და ეს მაძლევს უფრო მეტ პასუხისმგებლობას რომ ჩემს საქმიანობას შეუძლია ამ ისტორიის გაგრძელება და განვითარება.


მოტივაციას ასევე მაძლევს მეღვინეთა საზოგადოება, სადაც ვგრძნობ დიდ მხარდაჭერასა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს: ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი განვითარება. განსაკუთრებით ღირებული ჩემთვის თაობებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარებაა. მეც დიდი მხარდაჭერა მივიღე გამოცდილ მეღვინეებთან ურთიერთობისას და ვგრძნობ ვალდებულებას - ჩემი გამოცდილება შემდეგ თაობას გადავცე და ასე გაგრძელდეს უწყვეტი ჯაჭვი.


T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას:


ქართულ მეღვინეობას აქვს ყველა საჭირო რესურსი - უნიკალური ვაზის ჯიშები, უძველესი ტრადიციები და კულტურა. ეს აძლევს ქვეყანას უდიდესს პოტენციალს, რომ გახდეს წამყვანი მეღვინეობის ქვეყანა. მაგრამ ამისთვის მხოლოდ ისტორია არ არის საკმარისი. რატომღაც, დღემდე არის სიახლეების შიში, თითქოს თანამედროვე პრაქტიკები ტრადიციების დაკარგვას გამოიწვევს, მაგრამ მხოლოდ უკან ყურებით ვერ განვვითარდებით. ახალგაზრდების მეტი ჩართულობით ეს შეხედულება ნელ-ნელა იცვლება. ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური დანერგვა და ხარისხის სტანდარტების გამკაცრება, როგორც მარანში, ასევე ვენახში. ამ უკანასკნელს კი უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა, მაშინ როდესაც კარგი ღვინის საწინდარი კარგი ვენახია.


სამწუხაროდ, ექსპორტის უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე. ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ხარისხობრივ რისკებსაც ქმნის. ექსპორტის მთავარი მიმართულება უნდა გახდეს განვითარებული ქვეყნების ბაზრები, რომელთაც ხარისხის სტანდარტებიც მაღალი აქვთ და შესაბამისად ეს გახდება წარმოების ხარისხის ზრდის სტიმულიც.


ასევე, დღემდე მსოფლიო ბაზარზე სათანადოდ არ არის წარმოჩენილი ქართული უნიკალური ვაზის ჯიშები, ისტორია და ღვინოები, ამიტომ საჭიროა უფრო ძლიერი მარკეტინგი და ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო დონეზე.


T: რჩევა, მათ ვინც ეხლა ირჩვეს ამ პროფესიას:


 ერთი შეხედვით შეიძლება მარტივი პროფესია ჩანდეს, მაგრამ ძალიან შრომატევადი და დაბრკოლებებით სავსე საქმიანობაა. ყოველთვის საჭიროა განვითარება, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება. სწავლასთან ერთად რთველში აქტიური მონაწილეობაც აუცილებელია. ასევე, ადგილობრივთან ერთად - საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და სხვა ქვეყნების კულტურის შესწავლასაც ვურჩევდი.


მნიშვნელოვანია, რომ გოგოებზე არ იმოქმედოს არსებულმა სტერეოტიპებმა. ხშირად არის დამოკიდებულება, რომ მეღვინეობა „მათი შესაფერისი საქმე არ არის“,  მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციონ. ამ პროფესიაში სქესს არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრ მოწინავე ქვეყნაში, ქალები მეღვინეობაში საკმაოდ ბევრნი და წარმატებულები არიან. მთავარია შრომა, მონდომება და მიზნისკენ სწრაფვა.

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page