ანი ოდიკაძე - ენოლოგი და მკვლევარი
- tboba magazine

- 23 hours ago
- 1 min read

მე ვარ ანი ოდიკაძე. ბაკალავრის ხარისხი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით მივიღე.
შემდგომ სწავლა მაგისტატურაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელე, საიდანაც Vinifera EuroMaster-ის ორმაგდიპლომიან პროგრამაზე მოვხვდი. პროგრამის ფარგლებში, 6 თვე ვიმუშავე საფრანგეთში და ვისწავლე იტალიაში, ტურინის უნივერსიტეტში, სადაც დავიცავი სამაგისტრო ნაშრომი.
T: როგორ და რატომ მოხვდი იქ სადაც ვარ:
პირველი რთველის გამოცდილება კომპანია ასკანელში მივიღე. შემდეგი რთველი კი ბორდოში Château de Marsan-ში გავატარე. საფრანგეთში მიღებულმა პრაქტიკამ, ბორდოს სტილისა და ტექნოლოგიური მიდგომების გაცნობამ, მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი ხედვა მეღვინეობის მიმართ.
ამჟამად ვმუშაობ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. ჩემი საქმიანობა იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების შესწავლას უკავშირდება, რაც მოიცავს ექსპერიმენტულ მიკრო-ვინიფიკაციებსა და მათ სიღრმისეულ მეცნიერულ კვლევას.
T: რატომ ავირჩიე ეს პროფესია:
ამ სფეროს მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გამიჩნდა. ყოველთვის მიზიდავდა როგორც უშუალოდ ღვინის დაყენების ტექნოლოგიური პროცესი, ისე მისი დაგემოვნების და შეფასების ხელოვნება. საბოლოოდ, ამ ინტერესმა ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა.
T: ჩემი მიზანია:
ჩემი მიზანია, ჩემი მიზანია, დავაგროვო მაქსიმალურად მრავალფეროვანი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება და ჩემი წვლილი შევიტანო ქართული მეღვინეობის განვითარებაში.
T: რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ:
ჩემთვის მთავარი მოტივაცია მეღვინეობის შემოქმედებითი და დინამიური ბუნებაა. ღვინის დამზადების პროცესი მუდმივ განვითარებასა და ძიებას მოითხოვს. ყოველთვის გაქვს საშუალება შექმნა რაღაც ახალი და გამორჩეული. სწორედ ეს პროფესიული თავისუფლება და შემოქმედებითი პროცესი მაძლევს ენერგიას, ჩემი საქმე სიამოვნებით ვაკეთო.
T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
ჩვენ გვაქვს უნიკალური გენოფონდი, თუმცა ბევრი საინტერესო იშვიათი ჯიშის პოტენციალი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი და ათვისებული.
ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების ქართულ ტრადიციებთან სწორი სინთეზი, რათა შევინარჩუნოთ ავთენტურობა, მაგრამ ამავდროულად მივიღოთ სტაბილურად მაღალი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტების პროდუქტი.
T: რჩევა, მათ ვინც ეხლა ირჩვეს ამ პროფესიას :
ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას, ვეტყოდი, რომ არ შეუშინდნენ ექსპერიმენტებს და გამოიყენონ ყველა შანსი სხვადასხვა ქვეყნის თუ მეღვინის გამოცდილების გასაცნობად. მეღვინეობა პროცესია, სადაც სწავლა არასდროს სრულდება, ამიტომ მთავარია ინტერესის შენარჩუნება და იმ გარემოს ძიება, სადაც პროფესიულად გაიზრდებიან.





Comments