ანანო ვეკუას ღვინის გზა
- tboba magazine

- Apr 21
- 2 min read
Updated: Aug 1

ანანო ვეკუამ მეღვინეობა პროფესიად ჯერ კიდევ მაშინ აიჩია, როდესაც საქართველოში 50-მდე ღვინის კომპანია იყო. 2012 წელს აგრარული უნივერსიტეტის ისტორიაში ახალი ფაზა დაიწყო და ანანოც სწორედ ამ პირველი თაობის წარმომადგენელია.
T: ანანო, რატომ აირჩიე მეღვინეობა პროფესიად ?
სკოლის პერიოდში განსაკუთრებულად მიყვარდა ქიმია. მართალია იმ პერიოდში ნაკლებად პოპულარული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, თუმცა მახსოვს, როგორ ცდილობდა განახლებული აგრარული უნივერსიტეტი მომავალ თაობაში ამ მიმართულებით ინტერესის გაზრდას - სამდღიანი გაცნობითი შეხვედრების შემდეგ, მეღვინეობით მოვიხიბლე და ვიგრძენი, რომ ამ პროფესიას დიდი პოტენციალი ჰქონდა.
T: შენი პირველი რთველი:
ჩემი პირველი დამოუკიდებელი რთველი სადიპლომო ღვინოზე მუშაობა იყო. მახსოვს, რამდენად ემოციური იყო საბოლოო შედეგის გასინჯვა- სითხეს მართლა ღვინის ფერი და გემო რომ ჰქონდა. აი აქ მივხდი, რომ ამ შეგრძნებისთვის მძიმე შრომა ღირდა.
T: პირველი სამსახური:
უნივევრსიტეტის დასრულების შემდეგ, ერთი წელი ვმუშაობდი ჯიღაურას კვლევით ცენტრში. დავით ჩიჩუას ხელმძღვანელობით ვიკვლევდით ქართულ ვაზის ჯიშებს და ვცდილობდით თანამედროვე ინფორმაციის შეგროვებას.

პირველი ღვინის კომპანია, სადაც მუშაობა დავიწყე CGW იყო. მაშინ არც ისე ბევრი კომპანია არსებობდა საქართველოს ღვინის ბაზარზე. მახსოვს, ღვინის ფესტივალზე აღმოვაჩინე ეს მწარმოებელი, ძალიან გაბედულად შევთავაზე მათ ჩემი სამსახურში აყვანა და დღემდე მადლობელი ვარ, რომ ასე გარისკეს.
T: საერთაშორისო გამოცდილება:
ჩემი პირველი საერთაშორისო გამოცდილება დაიწყო სამხრეთ აფრიკით, სადაც საოცარი 2 თვე გავატარე. ამ ქვეყანაში გატარებულმა დღეებმა ჩემს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. შემდეგ უკვე იყო გერმანია, სადაც მევენახეობის მიმართულებით ვმუშაობდი და დავრწმუნდი, რომ მეღვინეები თურმე არც ისეთი ჯადოქრები ვყოფილვართ - ყველაფერი ვენახიდან იწყება.
წელს უკვე მეორედ ვიყავი ავსტრალიაში და კიდევ უფრო ჩავუღრმავდი ბაროსას რეგიონის თავისებურებებს. მიხარია, რომ ამ დიდი ინდუსტრიის ნაწილი ვარ.
T: რჩევა, მომავალ თაობას:
რა ტიპის მეღვინეობაშიც არ უნდა მუშაობდნენ, მნიშვნელოვანია გაიაზრონ, რომ ღვინის დაყენების პროცესი მხატვრობასავითაა - უნდა ეცადო შენი ხელწერა შეიტანო.
აუცილებლად იქნება შეცდომები, თუმცა ყველანაირი შედეგი შედეგია და ამიტომაც ღირს მუდმივად ცდა. მეღვინეობა დიდი შრომა და დისციპლინაა.





Comments