top of page
Bottles of Wine

ლანა შაიშმელაშვილი - გაიზენჰაიმის უნივერსიტეტიდან

Updated: Mar 19


მე ვარ ლანა შაიშმელაშვილი, ამჟამად ვსწავლობ ღვინის საერთაშორისო ბიზნესს გერმანიაში, გაინზენჰაიმის უნივერსიტეტში.


T: როგორ და რატომ მოვხდი იქ სადაც ვარ?


აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობაზე სწავლის დროს, ერასმუსის გაცვლითი პროგრამის მეშვეობით მოვხვდი გერმანიაში ერთი წლით. აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ გადამაწყვეტინა, რომ დავრჩენილიყავი და გამეგრძელებინა სწავლა, თუმცა შეცვლილი ფაკულტეტით - გადავედი ღვინის საერთაშორისო ბიზნესზე.


T: რატომ ავირჩიე ეს პროფესია?


ღვინო ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, რამდენადაც ოჯახში ყოველწლიურად ყენდებოდა, როგორც ყველა ქართულ ოჯახში და მისი სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ამას ემატება ის, რომ წარმოშობით კახეთიდან ვარ, რომ ძალიან მიყვარს საქართველო, ჩვენი კულტურა, ტრადიციები და სულ მინდოდა მისი ნაწილი ვყოფილიყავი. ამიტომ პროფესიის არჩევისას მეღვინეობაზე ჩავაბარე და საბოლოო ჯამში მივხდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს.

თავიდან მაინც არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ეს პროფესია ჩემია. თუმცა შატო მუხრანში საწარმოო პრაქტიკის დროს მივხდი, რომ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც დამანახა, რომ ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის, ეს არის ხელოვნება, რომლის უკანაც უამრავი ადამიანის ისტორია, ცოდნა, შრომა და სიყვარული არის ჩადებული.


T: პირველად დამოუკიდებლად ღვინის დაყენება?


გერმანიაში დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ დავინახე თუ რამდენი საშუალებაა იმისათვის რომ განვითარდე. უნივერსიტეტში კი კონტაქტების დასაგროვებლად საუკეთესო გარემოა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოხდა ისე რომ 22 წლის ასაკში მქონდა შესაძლებლობა, რომ გერმანიაში, კურსელის დახმარებით მოვხვდი მარანში, სადაც საშუალება მქონდა მთლიანად, სრულიად დამოუკიდებლად მიმეღო რთველი და დამეყენებინა ღვინო. ეს გახლავთ 8 ჰექტარი ვენახი და მარანი, სადაც სრულიად მარტომ, 15 დღიანი რთველი მივიღე და დავაყენე რისლინგი, კაბერნე სოვინიონი და პინო ნუარი. მოსაყოლად საკმაოდ რომანტიკულად ჟღერს, თუმცა საკმაოდ რთული სამუშაოა. ყოველი დღე გამოწვევაა, თუმცა მივიღე უსაზღვრო გამოცდილება, რომელიც ცხოვრების განმავლობაში არ დამავიწყდება და დამეხმარება იმაში, რომ მომავალში ჩემს პროფესიაში უფრო მყარად და გათვითცნობიერებულად ვიდგე, რადგან ზუსტად ვიცი რამდენი შრომა და დაღვრილი ოფლი არის თითოეული ბოთლის უკან.


ჩემი აზრით ვინც ღვინის ბიზნესშია, ყველას უნდა ჰქონდეს გამოვლილი ეს გამოცდილება, რაც უფრო მეტად გეხმარება გაყიდო შენი პროდუქტი.


T: ჩემი მიზანია


მიზნები საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი მაქვს. გერმანიაში ყოფნისას ახალი ინფორმაციის მიღებისას ყოველ ჯერზე ვფიქრობ, რომ რა კარგი იქნებოდა ეს ჩვენც რომ გვქონდეს საქართველოში ან რომ დიდი სიამოვნებით გადავიტანდი ამა და ამას საქართველოში. ამიტომ როგორც მიხვდით, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემი დაგროვილი ცოდნა თუ გამოცდილება საქართველოში ჩამოვიტანო.


ამასთანავე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართულმა ღვინომ ცნობადობა მოიპოვოს თუნდაც დასაწყისისთვის გერმანიაში, ამიტომ ერთ-ერთი მიზანი ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და იმპორტია, რაშიც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შევძლებ და წვლილს შევიტან. ამისათვის კი ჩემი ფაკულტეტი საკმაოდ ინფორმატიული და გამოსადეგია.


T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას?


ქართულ მეღვინეობას ჩემი აზრით აკლია ის, რომ მეტი ძალისხმევა და ცოდნა უნდა ჩაიდოს მევენახეობასა და გაყიდვებსა თუ მარკეტინგში. კარგი ღვინო ჯანმრთელი და კარგი ყურძნიდან მოდის და ალბათ პირველ რიგში ეს უნდა გავიაზროთ და მეტი ენერგია და დრო უნდა დავუთმოთ ყურძენს.


ჩემი ინფორმაციით ორივე მხრივ მიდის წინსვლა და ყოველი ნაბიჯი ძალიან მიხარია.


T: რჩევა მათ, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას?


ვინც ამ პროფესიას ირჩევს ჩემი რჩევა იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა გააკეთონ სხვადასხვა ქვეყნებში, ნებისმიერი მარანი მოხარული იქნება მიგიღოთ და გაგიზიაროთ ცოდნა. ასევე დააგროვონ კონტაქტები, რადგან ღვინო კომუნიკაციის გარეშე არ არსებობს. და ყველზე მთავარია - რაც შეიძლება მეტი ღვინის გასინჯვაა!! დეგუსტაციის გარეშე ჩვენი პროფესია წარმოუდგენელია. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ - იქ ხართ სადაც გინდათ რომ იყოთ ? იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, საკმაოდ რომანტიკულად ჟღერს, თუმცა საკმაოდ დიდ ფიზიკურ დატვირთვას საჭიროებს.

 

 

 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page