ირაკლი გოგოძე - რთველი ბორდოში
- tboba magazine
- Sep 27
- 2 min read

მე ვარ ირაკლი გოგოძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
T: როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ?
დიდი სურვილი მქონდა ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკული ცოდნით გამემყარებინა, რამდენიმე თვის განმავლობაში 70-ზე მეტ მეღვინეობას დავუკავშირდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი წარუმატებლად დამთავრდა. იმედი ფაქტობრივად გადაწურული მქონდა, როდესაც დამიკავშირდა ჩვენი ფაკულტეტის დირექტორი ქალბატონი ანა გოდაბრელიძე და შემომთავაზა საფრანგეთში სტაჟირების გავლა, რასაც, რა თქმა უნდა, იმწამსვე დავთანხმდი.
T: რატომ ავირჩიე ეს პროფესია?
ამ პროფესიის არჩევა დაახლოებით მე-9 კლასში გადავწყვიტე სრულიად სპონტანურად და რატომღაც არც განმიხილავს სხვა ვარიანტი. აბიტურიენტობისას ეს არჩევანი კიდევ უფრო გაამყარა იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე ათეულობით ფაკულტეტიდან არც ერთში არ ვხედავდი საკუთარ თავს ისე კარგად, როგორც მეღვინეობაში. არც ერთი არ გამოიყურებოდა ისე საინტერესოდ, როგორც ეს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ უამრავი თავსატეხით სავსე პროფესია.
T: ჩემი მიზანია:
ამ ეტაპზე, ჩემი მიზანია გავუძღვე ჩემს პატარა საოჯახო მეღვინეობას, რომელიც შემდეგი წლიდან აიდგამს ფეხს. ჩვენი ვენახი მდებარეობს რაჭაში, ეს უნიკალური მხარე გვაძლევს საშუალებას ვაწარმოოთ მრავალი, ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთმანეთზე საინტერესო ენდემური ჯიში. ჩემი მიზანია რაჭის მეღვინეობის განვითარებაში ჩემი, თუნდაც პატარა, წვლილი შევიტანო და უკეთ გავაცნო ხალხს, თუ რამდენად განსხვავებულია ეს მხარე არა მხოლოთ თავისი ბუნებით და ხალხით, არამედ ღვინითაც. ჩემი აზრით, რაჭას აკლია ღვინის მრავალფეროვნება და მინდა, რომ ის მივიწყებული ჯიშები, რომელიც იშვიათად გვხვდება, გამოვაცოცხლო. ამასთანავე მაქვს სურვილი ჩავატარო მრავალი ექსპერიმენტი და რაიმე ახალი, განსხვავებული და საინტერესო შევთავაზო მომხმარებელს.
T: რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ
ჩემი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ საქართველო, როგორც მეღვინეობის ქვეყანა, უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს მსოფლიო ბაზარზე. ჩვენი უდიდესი ისტორიის მიუხედავად, ამ სფეროში უკანა პლანზე ვართ მოქცეულები. საქართველოს იცნობენ, როგორც ღვინის სამშობლოს, მაგრამ ამაზე მეტი სამწუხაროდ მსოფლიოს უმეტესობამ არ იცის, ზოგს არც კი სმენია ჩვენს შესახებ. როდესაც ვხედავ, მესმის და ვაანალიზებ, თუ რეალურად რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას ამ დარგში, უდოდესი სტიმული მეძლევა, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთო, რათა მსოფლიოს გარშემო ყველამ სათანადოდ დააფასოს საქართველო და მისი 8000-ზე მეტ წლიანი ტრადაცია.
T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას?
ჩემი აზრით, საქართველოს მეღვინეობას რამდენიმე დაბრკოლება აქვს, რომელთა გამოსწორება მხოლოდ დროის საკითხია. პირველ რიგში ეს არის ცნობადობის ნაკლებობა, რომელიც გამოწვეულია მწირი ექსპორტით. ამ მომენტში საქართველოში წარმოებული ღვინის უმეტესობა ისევ საქართველოში იყიდება, რაც შესაბამისად ართულებს მისი სახელის გავრცელებას. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფაქტი, რომ საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 50%-ზე მეტი მიდის რუსეთში, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან ასეთი სვლით მხოლოდ და მხოლოდ დავშორდებით ცივილიზებულ ღვინის სამყაროს.
ამასთანავე, უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ღვინისადმი და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ფეხი ავუწყოთ სამყაროს, ყოველთვის უნდა ვიყოთ ახლის ძიებაში, უფრო მეტად გამოვიყენოთ იშვიათი ჯიშები და უფრო მრავალფეროვანი გავახდოთ საქართველოს მეღვინეობა. უნდა შევძლოთ, რომ ის განსაკუთრებული და გამორჩეული ქვევრის ღვინო ჰარმონიულად არსებობდეს თანამედროვე სტილის ღვინოებთან ერთად.
T: რჩევა მათ ვინც ეხლა ირჩევს ამ პროფესიას?
ჩემი რჩევა იქნება, რომ პირველ რიგში სიყვარულით მიუდგნენ ამ სფეროს, არ დაიშურონ ენერგია, ყურადღება და საბოლოო პროდუქტში აუცილებლად იპოვიან თავიანთ ჩადებულ შრომას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკაც, ამიტომ იმ საზოგადოებას, რომელიც ახლა იწყებს ამ სფეროში ჩართვას, ვურჩევდი, რომ შეძლებისთანავე მიიღონ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა მარნებში და რაც მთავარია, ვენახში, რადგან კარგი ღვინო კარგი ნედლეულისგან მზადდება.
Comments