ცქრიალა ღვინის წარმოება - მარიამ ხომასურიძის ახალი სახელმძღვანელო
- tboba magazine
- Feb 2
- 2 min read
Updated: Feb 5

პროფესორი და ენოლოგი მარიამ ხომასურიძე ქართული ღვინის ექსპერტი, მკვლევარი და ავტორია, რომელიც ცნობილია ტრადიციული მეღვინეობის მეთოდების ღრმა ცოდნითა და ინდუსტრიაში ინოვაციური მიდგომით. მრავალწლიანი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილებით, მან კარიერა ქართული ღვინის მდიდარი მემკვიდრეობის, განსაკუთრებით კი ცქრიალა ღვინის, კვლევასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.
მისი ახალი სახელმძღვანელო ცქრიალა ღვინის წარმოება აერთიანებს უძველეს ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც მეღვინეებს მისცემს გზას აწარმოონ ხარისხიანი ცქრიალა ღვინო.
T: მარიამ, რა იყოს ინსპირაცია დაგეწერათ ახალი სახელმძღვანელო ცქრიალა ღვინის წარმოებაზე?
ქართულ ცქრიალა ღვინოს აქვს მდიდარი, მაგრამ სათანადოდ დაუფასებელი ისტორია. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ წინაპრებს უნდოდათ ნახშირორჟანგის შენარჩუნება ღვინოში, რასაც ორკედლიანი და სამკედლიანი ქვევრები მოწმობს. ჩემი მიზანი თანამედროვე პრაქტიკების დანერგვით ამ ტრადიციის აღდგენა და მეღვინეებისთვის იმ ხელსაწყოების შეთავაზებაა, რაც მათ ხარისხიანი ცქრიალა ღვინის დამზადებას უზრუნველყოფს.
T: რა თემებს მოიცავს თქვენი სახელმძღვანელო?
მეღვინეებისთვის წიგნი მოიცავს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს და დეტალურად არის აღწერილი ცქრიალა ღვინის დამზადების ტექნიკები, როგორც ტრადიციული ასევე რეზერვუარული მეთოდი. ნაბიჯ-ნაბიჯ არის აღწერილი პროცესები: რთველი, ყურძნის გადამუშავება, ტკბილის დამუშავება, დუღილის პროცესები, რემუაჟი, დეგორდაჟი, დოზაჟი, მირაჟი და თანამედროვე ინოვაციური სტრატეგიები, რომლის დანერგვაც დაეხმარებათ მათ შექმნან საერთაშორისო სტანდარტის, ქართული ტრადიციული ცქრიალა ღვინო.

T: თქვენი აზრით, რა ხდის ქართულ ცქრიალა ღვინოს განსაკუთრებულს?
ზოგადად ქართული ღვინო ტრადიციული და ისტორიული პროდუქტია, რომელიც ღვინის სამშობლოდან მოდის. თუმცა თანამედროვე მსოფლიოსთვის ის აბსოლუტურად ახალია. მეღვინეობის ქვეყნებში ძირითადად ერთნაირი ჯიშები გამოიყენება. ქართული ენდემური ჯიშები კი გლობალურ ბაზარზე ახალ გემოსა და სენსორულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც უნიკალურია მსოფლიო გემოვნებისთვის.
განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს რეგიონები, სამეგრელო, გურია, აჭარას აქვს დიდი პოტენციალი მაღალ ხარისხიანი ცქრიალა ღვინის წარმოებისთვის.
T: რა რჩევას მისცემდით ქართველ მეღვინეებს?
პრიორიტეტი ჰქონდეთ ხარისხი და არა რაოდენობა. განსაკუთრებით მცირე მარნებმა უნდა მოახდინონ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება, რათა მყარი რეპუტაცია შექმნან. ქართულ ცქრიალა ღვინოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და საჭიროა ხარისხზე მუდმივი მუშაობა.
ბევრი პრაქტიკა, რომელსაც ტრადიციულად მივიჩნევთ, საბჭოთა პერიოდის რაოდენობაზე ორიენტირებული წარმოების შედეგია და საჭიროა უფრო ღრმა კვლევა ნამდვილი ქართული ტრადიციების აღმოსაჩენად.
T: სად არის შესაძლებელი თქვენი სახელმძღვანელოს შეძენა?
წიგნი ხელმისაწვდომია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ წამყვან ღვინის მაღაზიებში და ასევე ონლაინ პლატფორმა mkitkhveli.ge-ზე.
მე მჯერა, რომ ჩვენ ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმით, შევქმნით საფუძველს, რომ ქართული ცქრიალა ღვინო რეგიონის წარმატებულ პროდუქტად იქცეს.
Comments