ზაფხულის ცქრიალა ღვინოები
- Deko Turkadze
- Jun 13, 2024
- 1 min read
Updated: Oct 31, 2024

ზაფხულის ცხელ დღეებს რა შეეხამება იდეალურად, თუ არა ცქრიალა ღვინო. შესაბამისად, ცქრიალა ღვინის შერჩევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამ სტატიაში გირჩევთ ცქრიალებს, რომლებიც გაამხიარულებს თქვენს საღამოს და ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ ამ პატარა სიაში უმეტესობა პეტნატი იქნება.

ნეკრესის მამული - რქაწითელი პეტნატი 2023
ღვინოს ახასიათებს ინტენსიური თეთრი, კურკოვანი ხილის არომატები, რასაც მსუბუქად თან სდევს ტროპიკული ხილის, განსაკუთრებით ანანასის ტონები. პალეტზე აქვს ძალიან ჩამტკბარი არომატები, რომელსაც სასიამოვნოდ ერთვის ხალისიანი მჟავიანობა.

მეღვინეობა კე - მუსკატი პეტნატი 2023 ბრუტი
კარგად მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, როდესაც ეს ღვინო დავაგემოვნე. არომატები იყო ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან ინტენსიური, უამრავი არომატი ერთმანეთში ირეოდა. განსაკუთრებით დომინანტია ლიჩი, რასაც თან მსუბუქად შორიდან ერთვის გრეიპფრუტის და ფორთოხლის ყვავილის არომატები. ამ პეტნატის დაგემოვნება ჩემთვის ცალკე საინტერესო თავგადასავალია.

სიმონეთის მარანი - კახური მწვანე პეტნატი 2021 ბრუტი
მესამე ცქრიალა, რომელიც მინდა გირჩიოთ, არის სიმონეთის მარნის პეტნატი- კახური მწვანე 2021-ბრუტი. ამ პეტნატში ძალიან სასიამოვნოდ არის გამოკვეთილი ცინცხალი მჟავიანობა, რომელსაც ძალიან ახალისებს ბაღის მწვანე ხილისა და ციტრუსის არომატები. ეს ცქრიალა არა მხოლოდ ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, არამედ ნებისმიერი საღამოსთვის ვახშმის წინ იდეალური აპერიტივია.

მეღვინეობა ტერა ქისი - ციცქა-კრახუნა
მეოთხე პეტნატი , რომელსაც გირჩევთ, არის მეღვინეობა ტერა ქისის -ციცქა/კრახუნა. საინტერესოა, რომ ჯიშების ამ კომბინაციას არც თუ ისე ხშირად ვხვდებით. ჩემთვის ამ ცქრიალას ძალიან საინტერესო არომატები ჰქონდა. გარდა ჯიშური, ყვითელი ხილის არომატებისა, მას ახასიათებს კრემოვანი, პურ-ფუნთუშეულის არომატი, რაც ძალიან საინტერესოს ხდის ღვინის ხასიათს. ჩემი აზრით, ეს ის ცქრიალაა, რომელიც საღამოს მარტო, ხემსის გარეშე უნდა მიირთვათ.

შატო ბუერა - ციცქა-ჩინური 2020
ბოლოს მინდა გირჩიოთ შატო ბუერას ცქრიალა- ციცქა/ჩინური. ეს ღვინო დამზადებულია ტრადიციული ბოთლის მეთოდით და ლექზე დავარგებულია 13 თვის განმავლობაში, რის შედეგადაც განუვითარდა ძალიან მსუყე, სასიამოვნო ტონები. განსაკუთრებით ინტენსიურად გამოხატულია ფუნთუშისა და ახალგამომცხვარი პურის არომატები. მათ კი იდეალურად ერწყმის მსხლისა ციტრუსის ტონებიც. ამ ცქრიალა ღვინის დაგემოვნებას აუცილებლად გირჩევთ, თუ გიყვართ სიახლეების აღმოჩენა.
Comments