top of page
Bottles of Wine

Kato About Saperavi - საფერავი

ჩვენი სტატიის მთავარი გმირი ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.


რთულია საფერავზე ისეთი რამ თქვა, რაც უკვე არ თქმულა, რადგან ეს ჯიში ქართული იდენტობის ნაწილია - ჯიში, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ქართულ ხასიათსა და მეღვინეობას.


1. შაქრიანი ისთეითი - საფერავი - 2022


ნიკა ცხოვრებაძე ახალგაზრდა მეღვინეა, რომელიც ოჯახის ტრადიციას აგრძელებს. მან 2020 წელს შექმნა ბრენდი, რომელსაც სოფელი შაქრიანის სახელი დაარქვა - ადგილის სადაც მისი ვენახებია გაშენებული.


სრულ სხეულიანი, მაღალ ალკოჰოლური, მსუყე საფერავი, რომელიც ცხვირის და გემოს არომატების სრული თანხვედრით გამოირჩევა. ჰარმონიულობა და ელეგანტურობა ამ ღვინის ძლიერი მხარეა. ღვინო დავარგებულია მუხის კასრებში რაც არომატების მრავალფეროვნებასა და ტანინების დამრგვალებას უწყობს ხელს. გადაყლპავისას კი სასიამოვნო სიცხარეს იგრძნობთ, რომელიც გემოს გამყოლ არომატებთან ერთიანდება. საფერავის მდიდარი, ინტენსიური შეფერილობა კი დანახვისთანავე მოგანდომებთ მის დაგემოვნებას.


2. შაქრიანი ისთეითი - საფერავი - 2024



ახალგაზრდა, ცინცხალი, 2024 წლის მოსავლის საფერავი, რომელსაც ყველა ის კომპონენტი აქვს რაც უზრუნველყოფს სწორ განვითარებასა და დაძველებას ბოთლში. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა ღვინო დაბალანსებული და რბილია, ტანინები კი საკმაოდ გამოკვეთილი, თუმცა, ხავერდოვანი და ნაზი. ღვინის დალევისას იგრძნობა მისი ენერგიულობა და ცოცხალი ხასიათი.


3. თვალიაშვილის მარანი - საფერავი 2024



ჰობი, რომელიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და დღეს თვალიაშვილების ოჯახის მთავარი საქმიანობაა. მეღვინეობა სოფელ ხაშმში მდებარეობს, ღვინოს საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურძნით ამზადებენ, რომელიც 2018 წელს გააშენეს.


თვალიაშვილის მარნის ხაშმის საფერავის მთავარი ხიბლი ცოცხალი, ინტენსიურად გამოხატული მჟავიანობაა, რაც თავის მხრივ ხაშმის ზონის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. შესაბამისად, ტერუარის გავლენა იდეალურად იგრძნობა ღვინოში, რასაც ასევე მეტწილად მარნის ფილოსოფია განაპირობებს. ღვინო ნატურალური მეღვინეობის პრინციპებით არის დაყენებული, მინიმალური ჩარევითა და ველური საფუვრით.


სრული სხეულის, ხავერდოვანი ტანინებისა და ძლიერი სტრუქტურის საფერავი წითელი ხილის, შავი ქლიავის მურაბისა და ალუბლის არომატით გამოირჩევა, დეკანტაციასთან ერთად კი უფრო იხსნება და ვითარდება.


საუკეთესო ნიმუშია მათთვის ვისაც ამ ზონიდან წარმოებული საფერავის, მისი ტიპიურობისა და ხასიათის გაცნობა სურს.


4. ორილო - ხაშმის საფერავი 2020 



ორილოს მეღვინეობის უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც დიდი ხნის ოცნება აიხდინეს და შექმნეს წარმატებული, ხარისხიანი ღვინის ბრენდი. ამის საფუძველი კი 70 წლის, ძველი ვენახიდან მოწეული ყურძენია.


ექვსი წლის დაძველებული საფერავის საუცხოო, ელეგანტური და დახვეწილი ნიმუში, რომელსაც კიდევ უფრო მეტად განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ღვინო გამოირჩევა მდიდარი, მრავალფეროვანი ბუკეტით და ხავერდოვანი ტანინებით, მიუხედავად ასაკისა მჟავიანობა მკაფიოდ გამოხატულია. მსუყე, სავსე, კომპლექსური ღვინო, რომლის დაგემოვნებისას გაგიჩნდებათ სისრულის და ერთიანობის შეგრძნება - ცხვირისა და გემოს არომატები სრულ ჰარმონიაში ერთმანეთთან. ორილოს საფერავმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა ხაშმის მიკროზონის უნიკალურობა და საფერავის ყურძნის ჯიშის შეუცვლელი ადგილი ქართულ და მსოფლიო მეღვინეობაში.

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page