Shakriani Estate - ტრადიცია, ტერუარი და თანამედროვე ხედვა ერთ მეღვინეობაში
- tboba magazine

- Feb 24
- 1 min read

T: ნიკა, როგორ დაიწყო შაქრიანი ისთეითის ისტორია?
ჩვენს ოჯახში მეღვინეობა უკვე მესამე თაობის გამოცდილებას აერთიანებს. ვენახები სოფელ შაქრიანში, კავკასიონის ფერდობზეა გაშენებული, სადაც ნიადაგი და მიკროკლიმატი განსაკუთრებულ პირობებს ქმნის. ჩვენთვის მეღვინეობა მეტია ვიდრე მხოლოდ საქმიანობა - ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ორგანული ნაწილია.
T: თქვენ საფრანგეთში სწავლობდით მევენახეობა-მეღვინეობას. რა შეცვალა ამ გამოცდილებამ თქვენს ხედვაში?
საფრანგეთში მიღებულმა გამოცდილებამ მასწავლა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - თუ როგორ შეიძლება ტრადიციის პატივისცემით თანამედროვე მიდგომების გამოყენება. ეს გამოცდილება დამეხმარა, ვენახსა და ღვინოს უფრო სისტემურად, დეტალებზე ორიენტირებულად და გრძელვადიანი ხედვით შევხედო, რაც საბოლოოდ შაქრიანი ისთეითის იდენტობაში ვლინდება.


T: რა როლი აქვს ტერუარს და ქვევრს თქვენს ღვინოში?
ჩვენ ღვინოს ქვევრებში ვაყენებთ, თუმცა მისი ხასიათი პირველ რიგში შაქრიანის ტერუარიდან მოდის - ნიადაგი, მიკროკლიმატი და ვენახის მოვლა განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. გარდა ამისა, ვიყენებთ ფრანგულ კასრში დავარგების ტექნოლოგიას, ხოლო მალე წარმოგიდგენთ კლასიკური მეთოდით დამზადებულ თეთრ ღვინოს.
ქვევრის ტრადიციული მეთოდი, ვენახის ზუსტი მართვა და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთად ქმნის იმ განსაკუთრებულ შედეგს, რომელიც საბოლოოდ ჭიქაში დასხმისას იგრძნობა.
T: რა მიმართულებით ვითარდება დღეს შაქრიანი ისთეითი?
დღეს უკვე აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტზე - გერმანია, მონტენეგრო, ლიტვა და რუმინეთი. ასევე გვაქვს მოლაპარაკებები ახალი ქვეყნების დამატებაზეც.
ვგეგმავთ ვენახების გაფართოებასა და წარმოების პოტენციალის ზრდას, პარალელურად, ყოველწლიურად ვახორციელებთ მცირე მასშტაბის ექსპერიმენტებს - შეზღუდული რაოდენობით შექმნილ სერიებს, რომლებიც სამომავლოდ შესაძლოა უფრო ფართო და მასშტაბურ პროექტებად გარდაიქმნას.
T: რა არის თქვენი მთავარი მიზანი, როგორც ახალგაზრდა მეღვინის?
ჩემი მიზანია ოჯახური მეღვინეობა კიდევ უფრო გავაძლიერო, შევინარჩუნო ტრადიცია და ქართული ღვინო ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნო. დიდი სურვილია, რომ შაქრიანი ისთეითი იყოს ადგილობრივი ტერუარის და თანამედროვე ტექნოლოგიების ჰარმონიის მაგალითი, რომელიც ღვინის მოყვარულებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.





Comments