top of page
Bottles of Wine

კახეთის სხვა მხარე - სტუმრად მათიაშვილის მარანში


მათიაშვილის მარნის ღვინოები მას შემდეგ გვხიბლავს, რაც 2017 წელს პირველად აღმოვაჩინეთ ისინი. ეს არის ტრადიციული კახური ქარვისფერი ღვინოები: ღრმა, სტრუქტურული და ძლიერი, ამავდროულად ხალისიანი და დაბალანსებული, რაც მათთან დაბრუნებას გვაიძულებს.


ღვინის სამყაროში არც ისე ბევრი სტილია ისეთი გამორჩეული და ადვილად ამოსაცნობი, როგორიც კახური ქარვისფერი ღვინოა. ქვევრის ჭაჭაზე ხანგრძლივი მაცერაციისა და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატის ერთობლიობა ქმნის ღვინოებს, რომლებიც სიღრმითა და სტრუქტურით მსოფლიოს სხვა რეგიონებში შექმნილი ღვინოებისგან მკაფიოდ განსხვავდება.


Matiashvili Karva 22
Matiashvili Karva 22

სწორედ ეს ხდის განსაკუთრებულს მათიაშვილების მარანს. მათი რქაწითელი კახური ქარვისფერი ღვინის კლასიკური გამოხატულებაა - ღრმა, სტრუქტურული და ხშირად 14.5%-ზე მეტი ალკოჰოლით, თუმცა ამ სიმძლავრის მიუხედავად, საოცრად დაბალანსებული.


მწიდე ტანინები, ხალისიანობა და ჰარმონიული სტრუქტურა ამ ღვინოებს იმ ინტენსივობისგან გამოარჩევს, რომელიც კახურ ქარვისფერ ღვინოებს ხშირად ახლავს.


ეს კიდევ უფრო შთამბეჭდავია იმის გათვალისიწინებით, რომ ვენახები კახეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ზონაში მდებარეობს. ხშირად ჩნდება კითხვა - რა განაპირობებს ამ სტილს. მათ მარანში ბოლო ვიზიტმა კი ამ სტილისა და მიდგომის უკეთ გაგების საშუალება მოგვცა.


მათიაშვილების ოჯახის კავშირი მეღვინეობასთან XIX საუკუნიდან იწყება, როდესაც მათმა წინაპრებმა კახეთში, ტიბაანის მიკროზონაში, სოფელ ჯუღაანში ვენახები გააშენეს. როგორც ბევრი ქართული მეღვინეობის ოჯახის შემთხვევაში, ეს უწყვეტი ტრადიციაც საბჭოთა პერიოდში შეწყდა - ოჯახის ვენახები და ქონება კოლექტივიზაციის სისტემაში მოექცა.


თუმცა ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია ოჯახში გრძელდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი მერაბ მათიაშვილმა ოჯახის ძველი მარანს აღდგენა და ამ მემკვიდრეობის თავიდან გაცოცხლება დაიწყო.


2013 წლიდან მერაბი სოლიკო ცაიშვილთან ერთად, Our Wine-ს ქმნიდა - მარანი, რომელიც საქართველოში თანამედროვე ნატურალური ღვინის მოძრაობის ერთ-ერთი პიონერია. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მისი მეღვინეობის ხედვაც. როდესაც სოლიკო შეუძლოთ გახდა, Our Wine-ში მეღვინოების პროცესებზე პასუხისმგებლობა მერაბმა აიღო.


დღეს მერაბი ტიბაანის, კარდენახისა და ბაკურციხის ძველ, ორგანულად მოვლილ ვენახებთან მუშაობს. მისი მიდგომა მინიმალურ ჩარევაზეა დაფუძნებული: ველური საფუვრების გამოყენება, მინიმალური დანამატები და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დამატებული გოგირდი.


თუმცა ამ ღვინოების გამორჩეული ხასიათისა და სტაბილურობის ასახსნელად მხოლოდ ისტორია საკმარისი არ არის.


Merab at the new marani
Merab at the new marani

ცოტა ხნის წინ შესაძლებლობა გვქონდა, მერაბსა და მის შვილს, სოსოს, ვენახებსა და მარანში ვსტუმრებოდით. მერაბი მშვიდი და თავმდაბალი ადამიანია, პროფესიით პედიატრი, რომელიც დღესაც, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას, თბილისიდან კახეთში, ვენახებში მიემგზავრება სამუშაოდ. ვენახთან ეს ახლო კავშირი კი, როგორც ჩანს, მისი ღვინოების სტილის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.


კითხვაზე რა პარამეტრებით არჩევს რთველის დაწყების თარიღს, მისი პასუხი მარტივი იყო - ყურძნის დაგემოვნებით. ფენოლური სიმწიფის, მჟავიაონიბისა და ტექსტურის ერთდროულად შეფასების ეს უნარი, როგორც ჩანს, მათიაშვილის ღვინოებისთვის დამახასიათებელი ბალანსის საფუძველია.


როდესაც გავუზიარე, რომ ჩემთვისაც მისი ღვინოების მთავარი მახასიათებელი ყოველთვის სწორედ მჟავიანობა და ბალანსი იყო, მერაბი გულწრფელად გაკვირებული დარჩა. მერაბის მიდგომაში განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ტრადიციას მხოლოდ ტრადიციის გამო არ მიჰყვება. გადაწყვეტილებებს ის ტერუარის, ცვალებადი კლიმატისა და კონკრეტული ღვინის საჭიროებების მიხედვით იღებს.


ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ყურძნის კლერტის გამოყენებისადმი მისი დამოკიდებულებაა. რეგიონში, სადაც კლერტის გამოყენებას, განსაკუთრებით კახეთის ამ ნაწილში, დიდი ისტორია აქვს, მერაბი ღვინოებში, როგორც წესი, კლერტს არ იყენებს - მიაჩნია, რომ საჭირო სტრუქტურის შესაქმნელად თავად ყურძნის მარცვალი საკმარისია.


Matiashvili Karva 2014
Matiashvili Karva 2014

დღე იქ დასრულდა, სადაც ალბათ უნდა დასრულებულიყო - იმ ბოთლთან, რომელმაც ყველაფერი დაიწყო.

ხანგრძლივი მგზავრობის, წვიმით გაჟღენთილ ვენახებში მანქანის რამდენჯერმე ჩარჩენისა და მარანში ღვინის თანხლებით გამართული საუბრების შემდეგ, ბოლოს 2014 წლის Karva გავხსენით - მათიაშვილის მარანის პირველი ჩამოსხმული მოსავალი. ეს რქაწითელია, ჯუღაანის 60 წლის ვენახებიდან.


ეს ღვინო მანამდეც ერთხელ გვქონდა გასინჯული, ერთი წლით ადრე, თუმცა მაშინ საკმაოდ დატვირთულ გარემოში, სადაც მასზე მშვიდად დაფიქრების შესაძლებლობა ნაკლებად გვქონდა. მიუხედავად ამისა, მისი ხარისხი მაშინაც შეუძლებელი იყო, შეუმჩნეველი დარჩენილიყო.


2014 წლის მოსავალმა ზუსტად გაგვახსენა, რატომ დარჩა მათიაშვილის ღვინოები ამდენი წლის განმავლობაში ჩვენს მეხსიერებაში. ჭიქაში საშუალო ქარვისფერი იყო, თუმცა ათ წელზე მეტი ხნის შემდეგაც საოცრად ცოცხალი და ენერგიული. პირველ პლანზე ატმისა და გარგრის არომატები მოდიოდა, რომელსაც გამორჩეულად წვნიანი ხასიათი და მდიდარი, თითქმის სიროფისებრი ტექსტურა ავსებდა.


გემო ინტენსიური, თუმცა დაბალანსებული იყო - მკვეთრი მჟავიანობა ღვინოს საოცრად ხანგრძლივ დაბოლოებამდე მიჰყვებოდა. ამ ასაკის ქარვისფერი ღვინისთვის მისი სიხალისე განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ტანინები დროთა განმავლობაში დარბილებულიყო და უკანა პლანზე გადასულიყო, რის შედეგადაც ღვინო ძლიერი და ენერგიული რჩებოდა, თუმცა სიმძიმის ყოველგვარი შეგრძნების გარეშე.


ყველაზე შთამბეჭდავი კი, ალბათ, მისი ჰარმონიულობაა. ყველაფერი თავის ადგილას არის - სიღრმე, სიხალისე, ტექსტურა და ენერგია. ამდენი წლის შემდეგ სიურპრიზი ის კი არ აღმოჩნდა, თუ რამდენად კარგად დაძველდა ღვინო. უფრო საინტერესო აღმოჩნდა იმის აღმოჩენა, რომ ის ხელწერა, რომელსაც დღეს მათიაშვილის მარანთან ვაკავშირებთ, უკვე პირველივე მოსავალში იყო.



ეს უწყვეტობის განცდა მხოლოდ ღვინით არ შემოიფარგლება. მერაბის ვაჟი, სოსო, პროფესიონალი მორაგბეა და როცა მისი გრაფიკი საშუალებას აძლევს, მამას ვენახსა და მარანში ეხმარება. როგორც თავად გვითხრა, კარიერის დასრულების შემდეგ მეღვინეობის შესწავლაზე ფიქრობს, რათა ოჯახის მეღვინეობაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. ვიმედოვნებთ, ასეც იქნება. თუმცა მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები შესაძლოა სწორედ მამასთან ერთად ვენახებში სიარულმა, ყურძნის დაგემოვნებამ და იმის სწავლამ მოიტანოს, თუ როდის დგება რთველის სწორი მომენტი.


 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page