Ambrosia winery - შერწყმა ტრადიციებისა და საერთაშორისო ხედვის
- tboba magazine

- Oct 30, 2025
- 1 min read
Updated: Nov 20, 2025

მარტა იმენეო, მარი-კლოდ მარსონი და მარია პანგალოსი საქართველოთი პირველივე ვიზიტისას იმდენად მოიხიბლნენ, რომ 2022 წელს საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდნენ და მეღვინეობა „ამბროსია“ დაარსეს - პროექტი, რომელიც აერთიანებს მათ საერთაშორისო გამოცდილებას ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებთან.
T: მოგვიყევით თქვენი ისტორია - როგორ დაიწყო თქვენი მოგზაურობა საქართველოში?
პირველად, როდესაც საქართველო აღმოვაჩინეთ, მისმა უძველესმა მეღვინეობის ისტორიამ და უნიკალურმა ტრადიციებმა აღგვაფრთოვანა. საბოლოოდ, 2022 წელს საქართველოში გადმოსვლა გადავწყვიტეთ, რათა ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება ქართული მეღვინეობის ტრადიციებთან გაგვეერთიანებინა და შეგვექმნა ისეთი მეღვინეობა, რომელიც ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად ჩვენს მრავალფეროვან გამოცდილებასა და ღვინისადმი საერთო სიყვარულს ასახავს.
ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გამოხატავდა ჩვენს ერთგულებას იმ ადგილისადმი, რომელსაც ახლა სახლს ვეძახით.

T:რა ტიპის ღვინოებს აწარმოებთ და როგორ აერთიანებთ ამბროსიაში ქართული ყურძნის მრავალფეროვნებას გლობალური მეღვინეობის ხედვით?
მეღვინეობა "ამბროსიაში" ჩვენ ვიყენებთ როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციულ მეთოდებს, რათა შევქმნათ ღვინოები, რომლებიც გამოხატავს საქართველოსადმი პატივისცემას და ამავდროულად საინტერესოა საერთაშორისო აუდიტორიისთვის.
ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს არომატულ მწვანე-რქაწითელის ნაზავს, ელეგანტურ მუხაში დავარგებულ საფერავსა და ტრადიციულ ქვევრის ქარვისფერ ღვინოს, რომელიც ქისისა და შარდონეს ჯიშებისგან მზადდება.
თითოეული ბოთლი წარმოადგენს დიალოგს საქართველოს უნიკალურ მემკვიდრეობასა და ჩვენს თანამედროვე, გლობალურ ხედვას შორის.
T:როგორ აერთიანებთ თქვენს მრავალფეროვან საერთაშორისო გამოცდილებას ქართული მეღვინეობის ტრადიციებთან იმისთვის, რომ უნიკალური სტილი შექმნათ?
ჩვენი მისია უძველესი ტრადიციების პატივისცემაა, რომელსაც ჩვენი მეღვინე ოლიკო აქულაშვილი პროფესიონალურად ხელმძღვანელობს. ჩვენს იდენტობას წარმოადგენს ძლიერი კავშირი მრავალფეროვან კულტურებსა და საქართველოს მდიდარ ისტორიას შორის. ეტიკეტის ინსპირაციაც ულამაზესი რომაული მოზაიკაა, რომელიც თბილისში ვიპოვეთ;
ამ მოზაიკის ფრაგმენტი ჩვენს თითოეულ ბოთლზეა გამოსახული. ამავდროულად, ჩვენ ვაერთიანებთ იტალიური და ფრანგული მეღვინეობის ელემენტებს, რომელიც ჩვენივე პროფესიულ გამოცდილებას ასახავს.
T: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები:
ჩვენ გვჯერა, რომ მეღვინეობის მაღალი ხარისხი სქესზე არ არის დამოკიდებული. ,,ამბროსიას’’ ენთუზიაზმით, პროფესიონალიზმითა და ხედვით ვხელმძღვანელობთ, და იმედი გვაქვს, რომ წავახალისებთ ქალებს საქართველოში და მსოფლიო მასშტაბით, რათა ღვინის ინდუსტრიაში ლიდერობისა და ინოვაციისკენ ისწრაფოდნენ.
ჩვენი ისტორია გვახსენებს, რომ წარმატებას მართლაც განსაზღვრავს თავდადება, თანამშრომლობა და გულწრფელობა და რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს მისწრაფება და კრეატიულობა, შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ამ სფეროში.





Comments