Loco por Vino - ქართული ღვინის კულტურის ბრაზილიაში გაცოცხლება
- tboba magazine
- Nov 28, 2024
- 2 min read
Updated: Mar 10

Loco por vino - ანდრეს და კარლას პროექტია, რომლებიც ღვინის კულტურის კვლევით არიან გატაცებულნი. მათი მზიანია უნიკალური მეღვინეობის ტრადიციების, განსაკუთრებით საქართველოს, მსოფლიო საზოგადოებასთან გაცნობა. მოგზაურობებით, დაგემოვნებებითა და ადგილობრივ მეღვინეობებთან თანამშრომლობით, ისინი ავთენტური ქართული ღვინის საერთაშორისო აუდიტორიასთან მიწოდებას ცდილობენ.
T: როგორ დაიწყო თქვენი პროექტის ისტორია?
ჩვენი ისტორია ღვინისა და გასტრონომიის სამყაროში 15 წლის წინ დაიწყო. მე და კარლამ ერთმანეთს სამზარეულოში მუშაობის დროს შევხვდით და მას შემდეგ ჩვენი გზა 100-ზე მეტ ქვეყანაში გაგრძელდა, სადაც ადგილობრივ ღვინის კულტურებს ვეცნობოდით და ხშირად რთვლის დროს ვმუშაობდით იტალიის, პორტუგალიის, თურქეთისა და გერმანიის ღვინის ქარხნებში. თუმცა ყოველთვის გვქონდა განცდა, რომ რაღაც გვაკლდა - ღვინის რეგიონი, რომელიც იშვიათად ჩნდებოდა ისეთ მნიშვნელოვან ღვინის განათლების წყაროებში, როგორიცაა WSET.
2023 წელს გადავწყვიტეთ აქ ჩამოსვლა, რათა პირადად გაგვეცნო და შეგვესწავლა ქართული ღვინის დაყენების ტექნიკები, რომელიც ამდენი წელია თაობიდან თაობას გადაეცემა.
ჩვენ პარტიორობა დავამყარეთ Wine7 Trade-თან, რომელიც 2017 წლიდან ბრაზილიაში ქართული ღვინოების იმპორტისა და დისტრიბუციის პირველი ოპერატორია. ამ თანამშრომლობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი ბრენდის ბრაზილიის ბაზარზე წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში.

T: საქართველოს რომელი რეგიონები ან ღვინის ქარხნები მოინახულეთ და როგორია ეს გამოცდილება?
ჩვენ ქვეყნის თითქმის ყველა ღვინის რეგიონში ვიყავით - კახეთი, იმერეთი, აჭარა, რაჭა. ეს გამოცდილება შთამბეჭდავი და გამამდიდრებელი იყო - თითოეულ რეგიონს საკუთარი ხასიათი და უნიკალური მეღვინეობის ტრადიციები აქვს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დაგვეგემოვნებინა ისეთი ყურძენი და ღვინო, რომელიც ღვინის გამოცდილ პროფესიონალებისთვისაც კი უცნობია.
ადგილობრივი მეღვინეებისგან მიღებულმა ცოდნამ გაგვიღრმავა შეხედულებები ქართული ღვინის მიმართ, რაც საშუალებას გვაძლევს ქართული ღვინო ავთენტურად წარვადგინოთ.
T: რას გვეტყვით ქართულ ტრადიციებზე, რაც მიიპყრო თქვენი ყურადღება?
მართლაც გასაოცარია ღვინის ასეთი კულტურული სიღრმე, როგორიც საქართველოშია. აქ ღვინო არა მხოლოდ ინდუსტრია, არამედ ცხოვრების წესია. საოცარია, რომ უამრავი ოჯახი თავად აყენებს ღვინოს და იყენებს იყენებს ისეთ ტრადიციულ მეთოდებს, როგორიც არის ქვევრში დუღილი. გასაოცარია, სუფრის ტრადიციაც, სადაც ღვინოს ცენტრალური როლი უჭირავს.
T: თქვენი აზრით, რით გამოირჩევა ქართული ღვინო, რომ საერთაშორისო აუდიტორია მოიზიდოს?
ქართული ღვინო გამოირჩევა უნიკალური ტერუარითა და მეღვინეობის სტილით, განსაკუთრებით ქვევრის მეთოდით, რომელიც ღვინოს სიღრმეს და კომპლექსურობას ანიჭებს. ქვევრის ღვინოს აქვს განსაკუთრებული სტრუქტურა და მჟავიანობა, რაც საკვებთან მისაყოლებლად სრულყოფილს ხდის. ეს კომბინაცია კი ნამდვილად იზიდავს საერთაშორისო ღვინის მოყვარულს. ისინი ახალ გამოცდილებას სთავაზობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ხარისხზე ფოკუსირება და ქვევრის ღვინოების მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და ავთენტურობის ხაზგასმით, ქართულ მეღვინეებს შეუძლიათ მსოფლიო ბაზარზე მდგრადი ადგილი დაიმკვიდრონ.
T: სამომავლო გეგმები, რა მოლოდინები აქვს Loco por Vino –ს 2025 წელს?
ჩვენ გვსურს, ბრაზილიელ ღვინის მომხმარებლებში საქართველო ღვინის სამშობლოდ დავამკვიდროთ და ვგეგმავთ მონაწილეობას ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიცაა Wine South America და Prowine. ასევე, გავაგრძელებთ ცნობილი ქართველი შეფის, გურამ ბაღდოშვილის მიწვევას ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქში, სადაც გავმართავთ ქართული ღვინის და გასტრონომიის ჩვენებას.
ჩვენი მიზანია, ქართული ღვინის პოპულარიზებით ხელი შევუწყოთ და შევქმნათ კულტურული და საგანმანათლებლო ხიდი ბრაზილიასა და საქართველოს შორის.
Comments