La Petite Géorgie - ანაკოს პატარა საქართველო ბორდოში
- tboba magazine

- 12 minutes ago
- 2 min read

La Petite Géorgie - ანაკო ალასანიას პირველი დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომლიც საქართველოსა და საფრანგეთს შორის ღვინის ტურიზმის ხიდს აშენებს.
T: ანაკო, როგორ დაიბადა პლატფორმა Le Petite Géorgie-ს იდეა?
საქართველო ღვინის მოყვარულთა მსოფლიო რუკაზე - ეს ჩემი დიდი ოცნებაა. უკვე შვიდი წელია საფრანგეთში ვცხოვრობ და ოთხი წელია ბორდოს რეგიონში ღვინის ტურიზმის სფეროში ვმუშაობ. სწორედ აქ, ამ გამოცდილების პროცესში, გავიაზრე, რამდენად ძლიერ ეკონომიკურ და კულტურულ ძალას წარმოადგენს ხარისხიანი ტურიზმი ქვეყნის განვითარებისთვის.
ორ ქვეყანას შორის კავშირის შექმნა დიდი ხანია მსურდა და გადავწყვიტე, დამეწყო ბორდოდან. ახლა ქართველ სტუმრებს ვიწვევ და ვთავაზობ ამ ქალაქის გაცნობას ისეთს, როგორიც ნამდვილად არის. სამომავლოდ კი ჩემი მიზანია ფრანგ და საერთაშორისო სტუმრებს გავაცნო საქართველო, თავისი უნიკალური ღვინის კულტურითა და ტრადიციებით.
T: Le Petite Géorgie - რატომ ეს სახელი?
საფრანგეთში ხშირად მეძახიან Petite Géorgienne - „პატარა ქართველს". პლატფორმის სიმბოლო კი შთაგონებულია „პატარა პრინცით" - ისტორიით, რომელიც გვასწავლის სამყაროს სიყვარულით, გულითა და ცნობისმოყვარეობით დავინახოთ. ზუსტად ასეთი გამოცდილების გაზიარება მსურს ჩემს სტუმრებთანაც.
T: რა გამოცდილებას სთავაზობს La Petite Géorgie ქართველ სტუმრებს საფრანგეთში?
La Petite Géorgie გთავაზობთ კერძო, პირად ღვინის ტურს ბორდოში. ჩვენს საიტზე წარმოდგენილია 6-დღიანი პროგრამა, თუმცა თითოეული ტური სრულად მორგებადია - სტუმრების რაოდენობაზე, სურვილებსა და ინტერესებზე.
ტურის ორგანიზებას პირადად ვუზრუნველყოფ და მთელი პროგრამა ქართულ ენაზე მიმდინარეობს, რაც სტუმრებს მაქსიმალურ კომფორტს ქმნის. მათთვის, ვისაც სრული ტური არ სჭირდება, შატოების შერჩევასა და დაჯავშნაშიც ვეხმარები.
პროგრამა მოიცავს მაღალი დონის ღვინის დეგუსტაციებს, ბორდოს გამორჩეულ რესტორნებს და განსაკუთრებულ, კერძო აქტივობებს. ჩემი მიზანია, თითოეული ტური გახდეს არა უბრალოდ მოგზაურობა, არამედ ნამდვილი ხიდი საქართველოსა და საფრანგეთის ღვინის კულტურებს შორის.
T: შენი აზრით ქართულ და ფანგულ ღვინის სამყაროს შორის რა არის მთავარი განსხვავება და რა აერთიანებთ მათ?
საფრანგეთი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურად მაღალ ხარისხს. ღვინო აქ ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია, ამავდროულად - ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. სფეროში მუდმივად იდება სერიოზული ინვესტიციები, ბაზარი მკაცრად რეგულირდება და რაოდენობაზე ყოველთვის ხარისხი სჭარბობს.
ამ ორ სამყაროს კი ის აერთიანებს, რომ ორივე ქვეყნისთვის ვაზი და ღვინო კულტურის ფესვებშია გამჯდარი. საქართველო დღეს მსოფლიოში ღვინის სამშობლოდ აღიარებულია, საფრანგეთი კი მეღვინეობის ერთ-ერთ გლობალურ ცენტრად. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი - განსაკუთრებით ხარისხის თანმიმდევრულობისა და გრძელვადიანი ხედვის კუთხით.
T: ანაკო, შენი ღვინის გზა მედოკიდან - სენტ-ემილიონამდე - როგორ აისახა შენს ხედვაზე ღვინის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის შესახებ?
თავდაპირველად მედოკში ღვინის წარმოების პროცესში ვიყავი ჩართული, მაგრამ მალევე მივხვდი - ადამიანებთან კომუნიკაცია, სტუმარმასპინძლობა და ტურიზმი ბევრად უფრო ახლოს იყო ჩემთან. ღვინო ძალიან მიყვარს, მაგრამ ადამიანები კიდევ უფრო. ამიტომ ავირჩიე გზა, რომელიც ამ ორს აერთიანებს.
დღეს ბორდოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ღვინის ტურიზმია. პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა: გასულ წელს იმ შატოში, სადაც ვმუშაობ, ადგილობრივი ღვინის ტურიზმის გზით უფრო მეტი ღვინო გაიყიდა, ვიდრე გაყიდვების გუნდმა გარე ბაზრებზე.
ვფიქრობ, ეს უნდა გახდეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაც. პოტენციალი დიდია - საჭიროა მხოლოდ მეტი ყურადღება ხარისხზე, თანმიმდევრულ განვითარებასა და ტურიზმის გაძლიერებაზე. ეს კი, თავის მხრივ, შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ისე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მსოფლიოში პოპულარიზაციას.





Comments