top of page
Bottles of Wine

Georgisk Vin - ქართული ღვინის პლატფორმა დანიაში


Georgisk Vin - ქართული ღვინის პლატფორმაა დანიაში, რომლის მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზებაა. მისი დამფუძნებელი კომპოზიტორი სოფო საღარაძეა, რომელიც მუსიკალურ კარიერასა და დანიის კონსერვატორიაში ლექტორობასთან ერთად, აქტიურად ეწევა  ქართული ღვინის ელჩობას.


მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინის აქტიური მომხმარებელი არ იყო, სოფოსთვის ქართული ღვინო გამორჩეული კულტურული ფასეულობის მატარებელია და მისი საქმიანობაც სწორედ ამ ფასეულობის გაზიარებას ემსახურება.


T: სოფო, რა იყო ინსპირაცია, ქართული ღვინო გაგეცნო დანიელებისთვის?


დანიაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინოს და განსაკუთრებით იზრდება ინტერესი ნატურალური ღვინის მიმართ. 5 წლის წინ, როდესაც დანიაში ჩამოვედი, სულ მქონდა დანაკლისი, რადგან აქ ქართული კულტურა ჯერ კიდევ არ იყო საკმარისად ცნობილი.


მაგისტრატურაზე სწავლის დრო პანდემიას დაემთხვა და ამ პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას ვერ ვახერხებდი. ამ წელიწადნახევრიანი მონატრების დროს მივხვდი, რომ ეს იყო ზუსტად ის პერიოდი, როცა ჩემი პატარ-პატარა ოცნებები და იდეები რეალობად უნდა მექცია. შესაბამისად, დავაარსე კომპანია ,,Georgisk - ქართული’’, რომელიც კულტურულ პოპულარიზაციასა და დანიურ-ქართული ხიდის აშენებას ემსახურება. ხოლო პირველი ნაბიჯი კი იყო ღვინო: „მე თუ ვერ ჩავალ საქართველოში, საქართველოს ჩამოვიყვან დანიაში“.


ახლობელი ადამიანების განსაკუთრებული ხელშეწყობითა და დახმარებით მოვახერხე, ონლაინ გამეცნო მეღვინეები და მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე წარმედგინა.

პირველი 12 სახეობის 400 ბოთლი ჩამომივიდა და ღვინის დეგუსტაციების დაწყებიდან ორ კვირაში უკვე მიშელინის ვარსკვლავიან პატარა რესტორნებში აღმოვჩნდით.


T: რას სთავაზობს Georgisk Vin ქართველ მეღვინეებს?


ამჟამად გვაქვს მცირე მარნების 20-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ღვინო. ღვინის ბარებსა და რესტორნებთან თანამშრომლობის გარდა, მე განსაკუთრებულად ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა კულტურულ ფესტივალებში, ასევე ხშირად პარტნიორ რესტორნებთან და ბარებთან ერთად ვმასპინძლობ ღვინისა და კულინარიის საღამოებს, რაც, მგონია, რომ ყველა წარმატებულია მომხმარებელთან ქართული ღვინის მისატანად და მათი ნდობის მოსაპოვებლად.


მიუხედავად იმისა, რომ დანიაში ბოლო რამდენიმე წელია ძალიან გაიზარდა ინტერესი ქართული ღვინის მიმართ, უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ უცნობია ჩვენი ღვინის შესაძლებლობები და ბევრი ადამიანისთვის მხოლოდ ქარვისფერ ღვინოსთან ასოცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა ქართული ღვინის რეპუტაციის კიდევ უფრო გასამყარებლად და სწორად წარვადგინოთ მაღალი ხარისხის ღვინო.


T: როგორ მიიღეს დანიელებმა ქართული ღვინო?


სკანდინავიურ ქვეყნებში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ღვინის ხარისხს, ისტორიასა და ავთენტურობას. ეს ყველაფერი ქართულ ღვინოს ნამდვილად საამაყოდ გააჩნია.

ჩემი მომხმარებლისთვის ასევე მნიშვნელოვანია მცირე საოჯახო მარნებთან თანამშრომლობა და იმ საოჯახო ხარისხის მხარდაჭერა, რომელიც მათ აქვთ.

ქართულ ღვინოს აქვს ყველაფერი საინტერესო, რაც შეგვიძლია ღვინის გარშემო გვქონდეს: ისტორია, განსაკუთრებული ტექნოლოგია, ენდემური ყურძნის ჯიშები, ავთენტურობა, მრავალფეროვნება, პატარა საოჯახო მარნების კულტურა და მათი უნიკალური ხარისხი - ამ ყველაფრის კომბინაციას ნამდვილად აფასებს დანიელი მომხმარებელი.


რა თქმა უნდა, ზოგიერთი მომხმარებელი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი ქართული ღვინის მიმართ, მაგრამ როდესაც ღვინოს აგემოვნებენ, ეს მათში დიდ აღფრთოვანებას იწვევს.


T: რა სირთულეები და შესაძლებლობები აქვს ქართულ ღვინოს დანიაში?


დანიაში დიდი ყურადღება ექცევა ბოთლის ვიზუალს - თითოეული ბოთლი ხელოვნების ნიმუშია და აინტერესებთ, როგორ შეესაბამება ეტიკეტი ღვინის ხასიათს. ეს ზოგიერთ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორიც არის. ამიტომ ვურჩევ, რომ ამას ყურადღება მიაქციონ.


ასევე, მეღვინეების მიერ დანიის ბაზრისთვის გაზრდილი ფასი აძნელებს სწორ სეგმენტში თავის დამკვიდრებას, ამიტომ, თუ გვინდა მყარი და სტაბილური კოლაბორაციების აშენება, ძალიან მაღალი ფასი შეიძლება მომგებიანი არ იყოს.

რა თქმა უნდა, საქართველოს უნიკალური ტრადიცია ძალიან დიდი ძალაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ვლაპარაკობთ ქართულ ღვინოზე, მაგრამ დანიელებისთვის (განსაკუთრებით სარესტორნო ბიზნესში) ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმ მეღვინეებისა და ოჯახების ისტორიას, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან. ღირებულებები და ურთიერთობები, რომლებიც მათ აქვთ ღვინოსთან, ვენახთან და ჩვენთან, აუცილებლად უნდა გავაზიაროთ.


8000 წლიან ისტორიასთან ერთად მნიშვნელოვანია დღევანდელი ხარისხი, რის გამოც ქართული ღვინო იმსახურებს პატივისცემას.

 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page