top of page
Bottles of Wine

შატო ბუერას რქაწითელის ვენახს ბიო სერტიფიკატი ოფიციალურად მიენიჭა


შატო ბუერა გოგა მაისურაძის მიერ დაარსებული მეღვინეობაა. აქ ვენახის გაშენების პირველივე დღიდან გათავისებული აქვთ, რომ ხარისხიან ღვინოს ხარისხიანი ყურძენი სჭირდება და საბოლოო მიზანიც ადგილობრივი მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებაა.


შატო ბუერა 2024 წლის რქაწითელის მოსავალს, უკვე ოფიციალურად ბიო სერტიფიკატით ხვდება.


რა გზა გაიარა კომპანიამ ვენახის სერტიფიცირებისთვის, თბობა ამის შესახებ ანა მაისურაძეს და სანდრო ქურდაძეს ესაუბრა.


T: როდის გაშენდა შატო ბუერას ვენახი?


ჩვენი ვენახი 2012 წელს გაშენდა. იდეა იყო ის, რომ რადგან კახეთის ცენტრში ვართ და ერთ-ერთი მიკროზონას წარმოვადგენთ, აქ ჩამოსულ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონოდა, რომ ადგილობრივი წესით დაყენებული ღვინო გაესინჯა.


მამაჩემი ღვინის მოყვარული იყო, მისი ცხოვრების ნაწილი ღვინოს უკავშირდებოდა და დიდი სურვილი ჰქონდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ღვინოც შეგვერწყა.


დღეს უკვე გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენთან სტუმარი შეიძლება კონკრეტულად ჩვენი ღვინის დასაგემოვნებლად ჩამოვიდეს.


T: რატომ გადაწყვიტეთ ვენახის სერტიფიცირება?


პირველ რიგში ბიოსერტიფიცირების მიზანი ხარისხიანი ღვინის წარმოებაა, თუმცა რადგან ჩვენი ვენახი რეზორტის შუაგულშია და ყოველდღიურად უმცროსი თუ უფროსი ასაკის ადამიანი ხვდება მის სიახლოვეს, ვიფიქრეთ, რომ ორგანული მეურნეობა მათთვის უფრო ჯანსაღი იქნებოდა. გარდა ამისა ვენახთან ახლოს მდებარეობს ცხენების თავლა და ხშირად ჩვენს პონებს თუ კვიცებს თვალს მოკრავთ ვენახის შუაგულში. სამომავლოდ გვინდა ავიღოთ „Eco Friendly” ოფიციალური სტატუსი და რა თქმა უნდა ვენახის ბიო სტატუსი ამისთვის აუცილებელია.


რეალურად ვენახი არის ყველაფერი, აქედან მოდის შედეგის 50%-ზე მეტი. მაღალხარისხიან ღვინოს, საშუალო და დაბალი ხარისხის ყურძნისგან ვერ გააკეთებ. ამიტომ თუ ორიენტაცია გაქვს, რომ ისეთი ღვინო დააყენო, რომ დაძველდეს, კარგად შეინახოს თავი და სასიამოვნო გახდეს, მაშინ საჭიროა ვენახის მოვლა.



T: რა სირთულეს წააწყდით ვენახის სერტი-ფიცირების პროცესში?


ვენახის გადაყვანა ბიოსერტიფიცირებაზე საკმაოდ რთული პროცესია ყველგან და ყოველთვის. ვენახს სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავება. ჩვენ შემთხვევაში რქაწითელი თავიდანვე ბიოსტანდარტებით იყო და ნაკლები სირთულე იყო, დანარჩენ ვენახში კი პატარა პრობლემები გვქონდა, თუმცა დავძლიეთ და მომავალ წელს უკვე ქისი, კახური მწვანე და საფერავიც მიიღებს სერტიფიკატს.





T: რა რჩევებს მისცემთ დამწყებ მევენახეებს?


ალბათ, სირთულე უფრო პირველი 2 წელია, როცა ვენახი კონვენციურიდან ბიო წამლობაზე გადაგყავს. როდესაც დიდი ასაკის ვაზი გადაგყავს ბიოზე, უკვე შეიძლება ისეთი პრობლემები წამოგეწიოს, რომ ვენახის ახლიდან გაშენება სჯობდეს. როცა ვენახს თავიდანვე ბიოს შესაბამისი სტანდარტებით უვლი, გაცილებით ძლიერია, ფესვებიც უფრო ღრმა აქვს და იმუნიტეტიც ძლიერია.


მევენახეობას გრძელი პერსპექტივით უნდა შეხედო, სხვანაირად რთულია ამ საქმის დაგეგმვა. 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page