ცხვარი ვენახში, ძველი მეგობარი ახალ როლში - სოფო ხუტიძე
- tboba magazine

- Jan 21
- 2 min read
Updated: 3 days ago

მსოფლიოს არაერთ წარმატებულ მევენახეობის რეგიონში, ცხვრის ვენახში ძოვების პრაქტიკას ლამაზი მარკეტინგული პეიზაჟის მიღმა, კარგ ბუნებრივ დამხმარედ იყენებენ.
ამ მეთოდის წარმატებით დამკვიდრებას არაერთი ემპირიული კვლევა უდევს საფუძვლად. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკვე კარგად არის შესწავლილი და დამკვიდრებული, ხოლო ევროპაში - პერპექტიულ ინოვაციად აღიქმება, რომლის მიმართაც ღვინის მწარმოებლების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ბევრ რეგიონში, ცხვარი ვენახში უკვე არის მდგრადი მევენახეობის ნაწილი, სხვაგან კი ეს ჯერ კიდევ უცნაური და ზოგჯერ რომანტიზებული ექსპერიმენტია.
რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მეცხვარეობას ხანგრძლივი ისტორია აქვს, ცხვარი ძირითადად მთებში და ველის საძოვრებზე გვხვდება. ვენახში, რიგებს შორის ცხვრის ფარას იშვიათად თუ იპოვნით. ისიც ხშირ შემთხვევაში სპონტანური, არამიზანმიმართული და ცუდად გააზრებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული მევენახეობისთვის ცხვრის ძოვება პერსპექტიული პრაქტიკაა, რომელიც შესწავლას ელოდება - ერთგვარი ხიდია ტრადიციასა და თანამედროვე, მდგრად მევენახეობას შორის.
მოდით, ცოტა ჩავუღრმავდეთ ამ პრაქტიკას: დავსვათ კითხვები და გავაკეთოთ მარტივი განმარტებები.
რა არის ვენახში ცხვრის ძოვების პრაქტიკა?
ვენახში ცხვრის ძოვება არის მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს ცხვრის გამოყენებას არასასურველი ბალახის ან საფარი კულტურების სამართავად. ეს არის ჰერბიციდებისა და ნიადაგზე მექანიკური ზეწოლის ალტერნატივა, რომელიც ბუნებრივ პროცესებს ეყრდნობა.
უმეტეს შემთხვევაში ძოვება მიმდინარეობს ვაზის მოსვენების პერიოდში - რთველიდან კვირტის გაშლამდე. ეს პერიოდი ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა, რადგანაც მცენარე სრულად ლიგნიფიცირებულია და მწვანე ყლორტები არ ზიანდება. ზოგიერთი მევენახე ცდილობს ვენახში ცხვრები ყავდეს გაზაფხულსა და ზაფხულშიც, თუმცა ამისთვის საჭიროა სპეციალურად ადაპტირებული საყრდენი სისტემა და პატარა ზომის, მშვიდი ჯიშის ცხვარი.
რა ხდება ვენახში, როცა ცხვრები შემოდიან ?
ერთი შეხედვით თითქოს მარტივი პროცესია – ცხვარი ბალახს ჭამს, თუმცა ვენახის აგროეკოსისტემაში უამრავი მნიშვნელოვანი ბიოქიმიური და ეკოლოგიური პროცესი მიმდინარეობს.
ნუტრიენტების გადამუშავება და მიკრობული აქტივობის ზრდა
ცხვარი მცენარის ბიომასას გარდაქმნის ნაკელად და შარდად. ამ გზით ნიადაგს უბრუნდება აზოტი (N), ფოსფორი (P), კალიუმი (K) და მიკროელემენტები უფრო ხელმისაწვდომი ფორმით, რომელსაც ნიადაგის მიკროფლორა ადვილად გადაამუშავებს მცენარისთვის ათვისებად ფორმაში. შედეგად ნუტრიენტების წრებრუნვა სტიმულირდება და ნიადაგის ნაყოფიერება უმჯობესდება.
ნიადაგის სტრუქტურის ზედაპირული ცვლილება
ცხვრის მსუბუქი მოქმედება ნიადაგის ზედა ფენაზე ხელს უწყობს ზედაპირული ორგანული ნარჩენების ქვედა ფენებთან შერევას, რის შედეგადაც იზრდება აერაცია და მიკრობული ატივობის ინტენსივობა.
ბიომრავალფეროვნების რეაქცია
ცხვრის ყოფნა ვენახში ზრდის ნიადაგში ბინადარი მიკრო- და მაკრო-ორგანიზმების რაოდენობას და სახეობებს, რაც თავის მხრივ იწვევს ჯაჭვურ
რეაქციებს და სხვა, მათთან დაკავშირებულ ორგანიზმებს იზიდავს. ამ გზით უამრავი სასარგებლო, მეგობარი ორგანიზმი იმკვიდრებს თავს ჩვენს ვენახში, მაგალითად ველური ფუტკრების სახეობები და სხვა. შედეგად გვაქვს ბიომრავალფეროვნების ფართო სპექტრი და ეკოლოგიური სერვისებით მდიდარი აგროეკოსისტემა.
აქედან გამომდინარე, ვენახში შეშვებული ცხვარი ბიოქიმიურ და ეკოლოგიურ დონეზე მოქმედებს როგორც ნუტრიენტების გადამამუშავებელი და სისტემის დამრღვევი აგენტი, რომელიც პროცესის დაგეგმვის ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება გახდეს როგორც სასარგებლო, ისე პრობლემის გამომწვევი ფაქტორი.
ძირითადი უპირატესობები:
• ბალახის და საფარის კულტურების კონტროლი - ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ამ
პრაქტიკის; კარგად დაგეგმილი შემოდგომა-ზამთრის ძოვება უზრუნველყოფს ვენახში ბალახის ვეგეტაციის ეფექტურ კონტროლს.
• ჰერბიციდებისა და მექანიკური საშუალებების შემცირება - რაც თავისხმრივ ამცირებს ნიადაგზე მექანიკურ წნეხს, გამონაბოლქვს და შრომით დანახარჯებს.
• ნიადაგის ნაყოფიერების ხარისხის ზრდა - ვაზისთვის აუცილებელი მაკრო და მიკრო ნუტრიენტების მისთვის ხელმისაწვდომ ფორმაში გადაყვანა.
• ნიადაგში მცხოვრები ორგანიზმების დადებითი რეაქცია - შედეგად ვიღებთ მრავალფეროვან, რთულ, ეკოლოგიური სერვისებით დახუნძლულ აგროეკოსისტემას.
პრაქტიკის ნაკლოვანებები და შესაძლო საფრთხეები
ვენახში ცხვრების ძოვება ავტომატურად პოზიტიური შედეგის მომტანი არ არის. ცუდად დაგეგმილმა ძოვებამ შეიძლება პირიქით, დრამატულად ცუდი შედეგი გამოიღოს.
• ვაზის დაზიანება - ერთ-ერთი შესაძლო რისკია, თუ ძოვება გაზაფხულზე, ვეგეტაციური ზრდის ფაზაში განხორციელდება. ცხვარმა შესაძლოა ახალგაზრდა ყლორტები და ფოთლები შეჭამოს.
• ნიადაგის კომპაქტაცია ან ეროზიის პროვოცირება - ზედმეტად ბევრმა ცხვარმა, ან ჭარბი ნალექების შემდეგ ძოვებამ შესაძლოა ნიადაგის სტრუქტურის დაზიანება გამოიწვიოს, განსაკუთრებით საშუალო/მაღალი თიხისა და ჰუმუსის შემცველ ნიადაგებში, ასეთი კი ჩვენს ტერუარებში ბევრგან გვხვდება.
• ქიმიური ნივთიერებებისგან ზიანი ცხვარზე - ვენახის წამლობებსა და ძოვებას შორის გონივრული ვადების დაცვა აუცილებელია, რათა ცხვრების ინტოქსიკაცია გამოირიცხოს იმ ქიმიკატებით, რომელსაც ვენახში ვიყენებთ.
კითხვები, რომლებიც უნდა დავსვათ, სანამ ვენახში ცხვარს შევუშვებთ:
• როდის?
უმჯობესია ძოვება განხორციელდეს ვაზის მოსვენების პერიოდში, შემოდგომიდან კვირტის გაშლამდე, როცა ვაზისთვის რისკი მინიმალურია.
• სად?
სწორად შეარჩიოთ ვენახის მონაკვეთები, სადაც შეუშვებთ ცხვარს. უკეთესია ზომიერი დახრილობის ფერდობები, კარგი დრენაჟით; მოერიდეთ ზედმეტად სველ ან ეროზიისკენ მიდრეკილ ნაკვეთებს. თანაბრი დატვირთვისთვის ვენახი უნდა დაიყოს ბლოკებად და მოხდეს როტაციული ძოვება.
• რამდენი და რომელი ცხვარი?
წინასწარ უნდა განისაზღვროს ცხვრის ფარის ზომა (ცხვარი/ჰა) მცენარეულობის ზრდისა და ნიადაგის პირობების მიხედვით. უპირატესობა მიანიჭეთ პატარა, წყნარი ჯიშის ცხვრებს. უნივერსალური გეგმა არ არსებობს, ამიტომ შეიმუშავეთ თქვენს ვენახზე მორგებული როტაციული ძოვების პროტოკოლი.
• როგორ ჯდება ეს ჩვენს წამლობის სქემაში?
შეადგინეთ ფუნგიციდების/ინსექტიციდების/ჰერბიციდების ყველა გამოყენების რუკა და განსაზღვრეთ ცხვრებისთვის უსაფრთხო შესვლის ინტერვალები; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სპილენძს.
• ინფრასტრუქტურა და მუშახელიმოაწყვეთ ღობეები, წყლის წერტილები და განსაზღვრეთ ვინ არის პროცესზე პასუხისმგებელი, ვენახის გუნდი თუ მწყემსი.
მონიტორინგი და შედეგების შეფასება
მონიტორინგის და შედეგების შეფასების გარეშე პრაქტიკის ეფექტურობაზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ სხვადასხვა გაზომვად ფაქტორებზე დაკვირვება და ანგარიშები.
- ბალახთან ბრძოლაში დაზოგილი ჰერბიციდების და მექანიკური სამუშაოების შემცირებული/გაზრდილი ხარჯი
- იადაგის ინდიკატორები (ორგანული ნივთიერების შემცველობა, ინფილტრაცია)
- მოსავლის რაოდენობა და ხარისხი
- დაზიანებული ვაზის ძირების რაოდენობა
- ცხოველის ჯანმრთელობა
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ ცხვრის ძოვება ვენახში რთული, სტრუქტურირებული მართვის პრაქტიკაა, ვიდრე უბრალოდ ფერდობზე ლამაზად შეფენილი ცხვრის ხედი. საჭიროებს სხვადასხვა ტერუარებთან მიმართებაში დაკვირვებას, შესწავლას და მხოლოდ ამის შემდეგ მიზანმიმართულ გამოყენებას.




Comments